ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი, სხვადასხვა საჭიროებებისთვის საქართველოს 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარიამ და ბანკის პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ, ბანკის ფინანსურ მხარდაჭერაზე ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს, ხოლო გამოყოფილი 200 მილიონი ევრო ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფისკალურ და სხვა საჭიროებებზე დაიხარჯება. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, პირველადი შეთანხმება დონორებთან უკვე მიღწეულია და წლის ბოლომდე ეკონომიკის მხარდასაჭერად ქვეყანა 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. 

"პირველადი მოლაპარაკების შედეგადად დონორებისგან ინექციის სახით 1,5 მილიარდი დოლარს მივიღებთ. ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც დონორ ორგანიზაციებთან პირველადი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს ინექციები სახელმწიფო მიმართულებით განხორციელდება, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარება", — განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის გაგრძელებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ გზით ეკონომიკაში 447 მილიონი დოლარი შემოვა. ეს თანხა შედის გახარიას მიერ დასახელებულ 1,5 მილიარდში.

კომენტარები