აშშ-რუსეთი

აშშ-ის სამხედრო ძალები: რუსეთმა ანტი-სატელიტური რაკეტა გამოსცადა

unian.info

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებით, რუსეთმა 15 აპრილს ანტი-სატელიტური რაკეტა გამოსცადა.

აშშ-ის კოსმოსური ძალების ოპერაციების ხელმძღვანელმა გენერალმა ჯონ რეიმონდმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული ტესტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების კოსმოსური სისტემების წინააღმდეგ არსებული საფრთხე რეალური და მზარდია. მისივე თქმით, რუსულ რაკეტას შეუძლია, გაანადგუროს დედამიწის ქვედა ორბიტაზე განთავსებული სატელიტები.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფარისევლობას, როდესაც ისინი კოსმოსური შეიარაღების კონტროლს ითხოვენ, რათა აშშ-ის შესაძლებლობები შეზღუდონ, თავად კი მსგავსი იარაღის პროგრამების შეჩერებას არ აპირებენ." თქვა მან.

სწორედ რუსეთის და ჩინეთის მიერ ანტი-სატელიტური იარაღის შექმნა დაასახელა აშშ-მა მთავარ მიზეზად, რის გამოც თავდაცვის დეპარტამენტში კოსმოსური ძალების დანაყოფი შეიქმნა.

გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ხმელთაშუა ზღვის თავზე მანევრირებისას საფრთხე შეუქმნეს ამერიკულ ხომალდს.

აშშ-ის სამხედრო ძალების ინფორმაციით, რუსული Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ აშშ-ის P-8 სადაზვერვო ხომალდს, როდესაც ის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოძრაობდა ხმელთაშუა ზღვის თავზე. მათი თქმით, ინციდენტი 42 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ტურბულენტობა მოჰყვა.

მსგავსი ინციდენტი გასული წლის ივნისშიც მოხდა, როდესაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ამერიკული სადაზვერვო ხომალდის გადაადგილებას დაბრკოლება შეუქმნა.

კომენტარები