კორონავირუსი საქართველოში

მეუფე იაკობი: იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს ის დათვალოს, რეალურად რამდენი ინფიცირებულია

მეუფე იაკობი

"ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს", - ასე ეხმაურება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი პაატა იმნაძის მოწოდებას, რომ თუ ხალხი სახლში არ დარჩება, "ვეღარ ავითვლით საქართველოში კუბოებს."

"რეალურად რამდენი გვყავს, ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გინდათ ახლა, რა... ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს. ექიმებს ჰკითხეთ", - თქვა მეუფე იაკობმა. 

პაატა იმნაძემ გუშინ, 15 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს, საქართველო საშიშროების წინაშეა, იგივე განმეორდეს, რაც იტალიაში მოხდა.  

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ეკლესიებში წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში აღავლენენ. ზიარების წესიც უცვლელია - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

15 აპრილს, მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ აღდგომის დღესასწაულს დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა კვლავ ძალაშია. გადაწყვეტილების მიხედვით, დროის ამ შუალედში მრევლი ეკლესიაში დარჩება.

კომენტარები