კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლიდან ილოცონ.

"ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა, რომ არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები და მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ღვთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი, იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას", - თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო 4 დღე "მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება". თუმცა, მისივე თქმით, ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობა 2-3 დღეში არ გამოვლინდება, რადგან კორონავირუსის სიმპტომები ინფიცირებიდან 5-6 დღეში ჩნდება. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული ტემპით წავალთ, პროგნოზის მიხედვით, 10 მაისისთვის შეიძლება 2,000 - 2,500 აქტიური შემთხვევა გვქონდეს. 

"თუ ოდნავ მოვეშვით, ეს მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, შეიძლება ავიჭრათ 5, 7, 8 ათასი და კიდევ მეტი ინფიცირების შემთხვევაზე, რომელიც უკვე ძალიან დიდი ტვირთი იქნება", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო სამ დღეში ეპიდემიის განვითარების მრუდზე "ორი დიდი ნახტომი გავაკეთეთ".

"სამი დღის განმავლობაში 70, ორჯერ გვქონდა უკვე 30-30 შემთხვევა. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია. ამიტომ, საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ", - თქვა გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.  

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ეკლესიებში წირვა-ლოცვას ჩვეულ რეჟიმში აღავლენენ. ზიარების წესიც უცვლელია - მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

15 აპრილს, მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ აღდგომის დღესასწაულს დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა კვლავ ძალაშია. გადაწყვეტილების მიხედვით, დროის ამ შუალედში მრევლი ეკლესიაში დარჩება.

კომენტარები