კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 16 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ვართ

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 16 სამედიცინო მუშაკია ინფიცირებული. მისივე თქმით, ერთ-ერთი კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდანაა.

"ჩვენც, ექიმებიც, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ვართ. იტალიაში 10 000 ექიმი დაინფიცირდა, ჩინეთში 5 000. იტალიაში ბოლო მონაცემებით 60 ექიმი იყო გარდაცვლილი [...] ეს ადამიანები რომ ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ 3-4 კვირა. ეს კადრი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მხედველობაში მაქვს ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის ექიმები, ისინი თუ ჩაგვიწვნენ, ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს, გამაგებინეთ", - თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ამირან გამყრელიძის თქმით, რაც უფრო ნაკლები ინფექციის გამავრცელებელი იქნება ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი იქნება ჯანდაცვის სისტემა და ადვილად მოუვლის ინფიცირებულ პაციენტებს.  

"უფრო ადვილად მოუვლის იმ საშუალო სიმძიმის, პნევმონიან და მსუბუქ შემთხვევებს. ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ, სამედიცინო პერსონალს უნდა მოვუფრთხილდეთ", - თქვა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას მოუწოდა, არ წავიდნენ ეკლესიებში, ილოცონ სახლში და არ გავიდნენ სასაფლაოებზეც

საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.  

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები