კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, ჩემი რეკომენდაციები საბჭოზე გავაჟღერე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოსი სრული კარანტინის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. 

"სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. იმსჯელებს ამაზე საკოორდინაციო საბჭო. ჩემი რეკომენდაციები მე დღეს გავაჟღერე საბჭოზე და იქნება ეს რეკომენდაციებიც, მივალთ ჩვენ მაქამდე, რამდენიმე ნაბიჯი გვკლია", - თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შიდა გადაცემათა შემთხვევები მომატებულია. მისივე ინფორმაციით, საქართველოში, დაახლოებით, 14-15 კლასტერია. 

"ძალიან დიდია უკვე ქობულეთის კლასტერი. დიდია ბოლნისის კლასტერი, დიდი იყო ეროვნული ბანკის კლასტერი. მე ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშავო, მაგრამ თქვენ დარჩით სახლში", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ საზოგადოებას მოუწოდა, არ წავიდნენ ეკლესიებში, ილოცონ სახლში და არ გავიდნენ სასაფლაოებზეც

საქართველოში კორონავირუსის 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.  

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები