კორონავირუსი საბერძნეთში

საბერძნეთში აღდგომას ხალხის სახლში დარჩენას 52 ათასამდე პოლიციელი გააკონტროლებს

საბერძნეთში აღდგომის დღესასწაულზე ხალხის სახლში დარჩენას 52 ათასამდე პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. მსგავსი მობილიზიაცია ქვეყანაში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ არ ყოფილა - მაშინ ვითარებას 70 000 პოლიციელი და ჯარი აკონტროლებდა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლიტურგიული, მასობრივი შეკრება მიმდინარე წელს, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

"კვირას (აღდგომის დღეს) ხალხი სახლებიდან არ უნდა გამოვიდეს", - ამბობს პოლიციის ხელმძღვანელი სტავროს ბალასკასი.

ბალასკასის თქმით, სამართალდამცველებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება ხალხის დამორჩილება, რათა მათ არ დატოვონ სახლები, - "ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, ნუ გაურთულებენ პოლიციას საქმეს".

გარდა მაგისტრალების ძირითადი წერტილებისა, რაზმები სოფლებსა და სანაპიროებზეც განლაგდებიან.

ასევე, საგანგებოდ შექმნილი რაზმები აღდგომა დღეს ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე იპატრულურებენ. სპეციალური ინსტრუქციები არსებობს ოფიცრებისთვის, რომლებმაც ბაღებსა და სკვერებში, სახურავებსა და აივნებზე შეკრებები უნდა აკონტროლონ.

კანონდამღრვევი 150 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო ის, ვინც პრეფექტურების საზღვრების დატოვებას შეეცდება - 300 ევროთი.

საბერძნეთში გასულ კვირას 40 000 ადამიანი დაჯარიმდა სახლის არასაპატიო მიზეზით დატოვების გამო, რამაც, მთლიანობაში 6 მილიონი ევრო შეადგინა.

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეტსასმა ერთ-ერთ ტელეარხზე განაცხადა, რომ საბერძნეთი პოლიციური სახელმწიფო არ არის.

მთავრობისა და საბერძნეთის ეკლესიის მკაცრი მითითებების მიუხედავად, რომ მორწმუნეებმა აღდგომა დახურულ კარს მიღმა, თავიანთ ოჯახებში აღნიშნონ, ერთ-ერთი გამოკითხვის მონაცემებით, მოქალაქეების 3% მაინც გეგმავს აღდგომას ტაძრებში წასვლას, ასევე ოჯახურ შეკრებებს.

დაახლოებით 9% ფიქრობს, რომ მიღებული ზომები გადაჭარბებულია.

ზოგიერთმა სასულიერო პირმა მორწმუნე მოქალაქეებს მოუწოდა, აღდგომას ტაძრებში მივიდნენ და პოლიციის წინააღმდეგობა გადალახონ. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა მღვდელი, რომელმაც აკრძალვების მიუხედავად, რელიგიური მსხაურება ჩაატარა.

ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა თქვა:

"რთული დღეები გველის. რაც შეგვიძლია, გაფრთხილებაა. ეს ადამიანები კრიმინალები არ არიან. ჩვენ უბრალოდ შეკრებების დაშლა გვსურს".

ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში ახალი კორონავირუსი 2 192 პირს დაუდასტურდა, მათგან 102 გარდაიცვალა.

კომენტარები