დიდი შვიდეულის ქვეყნები ჯანმო-ს რეფორმის მოწოდებით გამოდიან

Washington Post

16 აპრილს, დიდი შვიდეულის ვიდეოკონფერენციაზე, ქვეყნების ლიდერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საფუძვლიანი გადახედვისა და რეფორმირების პროცესის დაწყების მოწოდებით გამოვიდნენ:

"ლიდერებმა აღნიშნეს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებს ყოველწლიურად ერთ მილიარდ დოლარზე მეტი შეაქვთ ჯანმო-ში და საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო ორგანიზაციის გამჭვირვალობის ნაკლებობასა და პანდემიის მუდმივად არასწორ მენეჯმენტს," - წერს თეთრი სახლი.

დიდი შვიდეულის ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამენ, რათა ძლიერი და კოორდინირებული გლობალური რეაგირება მოახდინონ მიმდინარე ჯანმრთელობის კრიზისსა და მისგან გამოწვეულ ჰუმანიტარაულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულებები ადმინისტრაციამ უკვე მიიღო. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. 

აშშ ჯანმო-ს ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია - 2019 წელს ქვეყანამ ორგანიზაციისთვის 400 მილიონი აშშ დოლარი გაიღო, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის 15%-ია.

დონალდ ტრამპმა 14 აპრილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

"ფინანსირება შეწყდება, სანამ არ იქნება მზად ორგანიზაციის მიერ დაუდავრად გაწეული საქმიანობის კვალიფიციური შეფასება. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლო ადეკვატური ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის დროული გავრცელება", — ამბობს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოქმედებებს ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებდა:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიდი შეცდომა დაუშვა. აშშ დიდწილად აფინანსებს [ჯანმო-ს], გარკვეულ მიზეზთა გამო, თუმცა ჩინეთზე ძალიანაა ორიენტირებული. ამას კარგად დავაკვირდებით. საბედნიეროდ, მე უარვყავი მათი რჩევა, რომ ჩინეთთან საზღვრები გახსნილი დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რჩევა?"

ამის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ტრამპის საპასუხოდ განცხადა, რომ ქვეყნების ლიდერებმა კორონავირუსის პოლიტიზებისგან თავი უნდა შეიკავონ, თუ ცხედრების მეტი ჩანთის ხილვა არ სურთ. 

2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-მ მსოფლიოს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, საზღვრები არ ჩაკეტილიყო და ადამიანებს მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

სწორედ 31 დეკემბერს, დაახლოებით ერთთვიანი დამალვის შემდეგ, ჩინეთის მაღალჩინოსნებმა გაამჟღავნეს, რომ ვუხანში ახალი ინფექცია პნევმონიას იწვევდა. ოფიციალურად ახალი ვირუსის აღმოჩენა 2020 წლის 7 იანვარს დაადასტურეს. 14 დეკემბერს ჯანმო ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას არ ადასტურებდა. ჩინეთი ახალ ვირუსზე დეტალებს ნელ-ნელა, იანვრიდან ამჟღავნებდა - ქვეყანამ მხოლოდ 20 იანვარს თქვა, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ჯანმო კომუნისტური ჩინეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობა.

18 იანვარს აშშ-მა ჩინეთიდან ჩამოსული პირების შემოწმება დაიწყო და ჩინეთიდან შემოსულ ფრენებზე შემოწმება გაამკაცრა. 23 ინვარს შტატებმა ვუხანთან ფრენები შეწყვიტა. 31 იანვარს ტრამპმა ჩინეთიდან ფრენები აკრძალა, ჯანმო-მ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა წერილი, რომლის მიხედვითაც ტაივანმა 2019 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ჯანმო-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ Covid-19 ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ტაივანი მსოფლიოში ერთერთი ლიდერია კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში, თუმცა ჯანმო ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანს ორგანიზაციაში მონაწილეობას უზღუდავს. ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს და თვლის, რომ ტაივანი და ჩინეთი ერთ დღეს გაერთიანდებიან, თუნდაც სამხედრო ძალის გამოყენების ფასად.

ჯანმო-ს დირექტორი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ტაივანს რასიზმში ადანაშაულებს, რაც ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო. სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანია ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემა პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა. 

ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

კომენტარები