კორონავირუსი და საქართველო

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 - მედპერსონალია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 - სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალია, 2 კი - ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული.

ზაალ მიქელაძის კომენტარს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მიქელაძე არ ასახელებს კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას და ამბობს, რომ დაინფიცირებულებს ანონიმურად დარჩენა სურთ. მისივე ცნობით, ისინი იზოლაციაში იყვნენ და შეხება ოჯახთან ან საზოგადოებასთან არ ქონიათ:

"გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ერთეულით, მათ შორის ორი არის საკარანტინო და თვითიზოლაციის ზონიდან, ე.წ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული. ეს ის ოჯახებია, რომელზეც მიდიოდა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა. აქ მორიგი ტესტირების შედეგებს ველოდებოდით. 

ხუთი არის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი. მათი თხოვნით აღნიშნული პირების სამუშაო ადგილს არ ვასახელებთ. ამ ადამიანების უკან დგანან მათი ოჯახები და ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სტრესი. ისინი იზოლაციაში იყვნენ და არ ჰქონდათ არც ოჯახთან და არც საზოგადოებასთან შეხება", - ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

ყველა ინფიცირებული კლინიკა მედალფაში მკურნალობს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 348 შემთხვევაა გამოვლენილი. 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა.

16 აპრილს ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ იმ დროისთვის ქვეყანაში სულ 16 სამედიცინო მუშაკი იყო ინფიცირებული.

კომენტარები