კორონავირუსი და ეკლესია

ომბუდსმენი მთავრობას ეკლესიაზე: დაიცავით სიცოცხლის უფლება

სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები.

ომბუდსმენის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ "დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის და სხვა წარმომადგენელთა მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საფრთხე, რაც ქვეყანას ეპიდემიოლოგიური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს. მათი შეფასებით, განსაკუთრებულად მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების დროს, რადგან გარკვეული რაოდენობის ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი შესაბამისი სიმპტომები და არ იციან წარმოადგენენ თუ არა ვირუსის მატარებლებს. ასეთი ადამიანების რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა კი ვირუსის გადადების დიდ რისკებს შეიცავს, რაც გარკვეული კატეგორიის პირთათვის მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს".

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სისტემის ლიმიტირებულ და ამოწურვად ადამიანურ რესურსებზე, რის გამოც ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას გაუძნელდება პაციენტთა სიცოცხლის შენარჩუნება და მკურნალობა.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ რისკებს განსაკუთრებულად ზრდის 2020 წლის 15 აპრილს საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტულება, რომლის თანახმადაც სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები, რომელთა განუხრელი დაცვით არის მხოლოდ შესაძლებელი საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა.

კომენტარები