კორონავირუსი საფრანგეთში

მაკრონი: მიამიტობაა თქმა, რომ ჩინეთი Covid-19-ის კრიზისს უკეთ უმკლავდება, ბევრი რამ არ ვიცით

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსის გავრცელებასთან გამკლავებაზე ბევრი კითხვა არსებობს და ბევრი რამ მოხდა, "რაზეც არაფერი ვიცით".

Financial Times-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მიამიტურია გვჯეროდეს, რომ ჩინეთი უკეთ უმკლავდება კრიზისს. კითხვაზე, ავლენს თუ არა ჩინეთის ავტორიტარული მიდგომა ვირუსის შეკავებასთან დასავლური დემოკრატიის სისუსტეს, მაკრონმა თქვა, რომ ღია საზოგადოებასა და იმ ქვეყანას შორის, სადაც სიმართლეს მალავენ, შედარება არ არის:

"ამ განსხვავებების გათვალისწინებით - გადაწყვეტილებების, რომელიც ჩინეთმა მიიღო, და იმის, რაც ჩინეთში დღეს ხდება - მიამეტები არ უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უკეთ უმკლავდებიან კრიზისს. ჩვენ არ ვიცით. აშკარად, მოხდა რაღაცები, რაც არ ვიცით."

მაკრონმა თქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თავისუფლებების დათმობა დასავლურ დემოკრატიებს საფრთხეს უქმნის:

"ამას ვერ მივიღებთ. ჯანდაცვის კრიზისის გამო შენს ფუნდამენტურ დნმ-ზე უარს ვერ იტყვი."

მანამდე საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია იმის თაობაზე, რომ დასავლური ქვეყნები ასაკოვან მოქალაქეებს მოხუცთა სახლებში სიკვდილისთვის წირავენ. ამის გამო ჩინეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ჩინეთი მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ საფრანგეთის მხრიდან ვირუსის გამკლავებაზე ნეგატიური კომენტარის გაკეთბა არ სურდათ და გაუგებრობა მოხდა.

ამჟამად საფრანგეთში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 165,027 შემთხვევა. დაიღუპა 17,920 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 32,812.

რაც შეეხება ჩინეთს, იქ ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შეასწორეს. ახალი მონაცემების შეტანის შემდეგ ქალაქ ვუჰანში, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა, გარდაცვალების კიდევ 1,290 ახალი შემთხვევა დაემატა.

შესწორების შემდეგ მთლიანად ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 40%-ით გაიზარდა და 4,636-ს მიაღწია. უმეტესობა ჰუბეის პროვინციაშია დაფიქსირებული, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს. გარდა ამისა, მონაცემების გადახედვის შემდეგ, ჩინეთმა ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა აღრიცხა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით ზრდა იმან გამოიწვია, რომ აღრიცხეს ის შემთხვევებიც, როდესაც დაავადებული კორონავირუსით სახლში, ექიმის ნახვის და ოფიციალური დიაგნოზის დასმის გარეშე გარდაიცვალა. ჩინეთის ეპიდემიოლოგიის ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჯერად აღირიცხა ის მონაცემებიც, რაც მათ კლინიკებმა გადატვირთულობის გამო დროულად ვერ მიაწოდეს.

ჩინეთის მიერ ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის სისწორე ეჭვქვეშ უკვე დააყენეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის დაზვერვამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვს მალავდა. მსგავსი განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმაც.

ჩინეთი უარყოფს ბრალდებას, რომ მონაცემები განზრახ დამალეს. თუმცა, მონაცემების მსგავსი შესწორება მათ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზეც შეიტანეს, როდესაც დიაგნოსტიკის მეთოდის ცვლილების შემდეგ ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 15,000-ით გაიზარდა.

კომენტარები