კორონავირუსი და ეკლესია

საპატრიარქო: სასულიერო პირებს მანქანით გადაადგილების უფლება ექნებათ, მრევლს - არა

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. თუმცა, მრევლს ეს წესი არ ეხება.

საპატრიარქოს განცხადებაში წერია:

"გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.

სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ".

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. 17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და ზომებისა, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მოტივით, უფროდაუფრო მკაცრდება და ადამიანების გადაადგილება იზღუდება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტაძრებში წირვა-ლოცვას მრევლთან ერთად აღავლენს. ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიასაც დაესწრებიან. ძალაში რჩება ერთი კოვზით ზიარებაც.

ახალი კორონავირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიაც გამოცხადდა, ადამიანიდან ადამიანზე წვეთოვანი გზით გადადის.

კომენტარები