კორონავირუსი ირანში

ირანში არმიის დღეს აღლუმზე სამედიცინო ტექნიკა წარმოადგინეს

ირანში არმიის დღეს გამართულ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის ნაცვლად სადეზინფექციო მანქანები, მობილური საავადმყოფოები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა წარმოადგინეს.

აღლუმს "სამშობლოს მცველები, ჯანდაცვის დამხმარეები" ერქვა და კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის სამხედრო ძალების როლს ეძღვნებოდა. აღლუმი მცირე მასშტაბებით, საწვრთნელ ცენტრში ჩატარდა და მას მხოლოდ გენერლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სამხედროებისადმი მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელა:

"ჯანდაცვის და სოციალური პროტოკოლების გამო, შეუძლებელია სამხედრო აღლუმის ჩატარება. მტერი უხილავია და ბრძოლის წინა ხაზზე ექიმები და ექთნები არიან", - თქვა მან.

ჩვეულებრივ, არმიის დღის აღლუმებზე წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო თვითმფრინავები და რაკეტები.

ირანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვირუსისაგან ყველაზე მეტად დაზარალდა. დადასტურდა ინფიცირების 77,995 შემთხვევა, დაიღუპა 4,869 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 52,229. თუმცა, რეჟიმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტია და მთავრობა მას მალავს. ისინი მთავრობას ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა. ირანის რეჟიმის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ეს ინფორმაცია დამალა, რათა მოსახლეობა ხმის მისაცემად წასულიყო.

კომენტარები