თურნავა: ბიზნესების ამოქმედება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მოსალოდნელი არ არის

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ეტაპებზე ისაუბრა. თურნავას თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ბიზნესების ამოქმედება მოსალოდნელი არ არის. 

"მინდა, გულახდილად მოგახსენოთ, რომ იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი, რომ ჩვენ დავიწყებთ აქტიურად ბიზნესების ამოქმედებას, იმ ბიზნესების, რომელიც შეჩერებულია", — განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ამ პერიოდს, სანამ ბიზნესები ვერ მუშაობენ, მათი გადამოწმებისთვის გამოიყენებენ.

"სამაგიეროდ, ამ პერიოდს ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ბიზნესების მონიტორინგი და გადამოწმება. იმისთვის, რომ როგორც კი შემაკავებელი ზომების შერბილებისა და ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობა გვექნება, ყველა იყოს მზად და აღარ დაგვჭირდეს დამატებითი დრო", — ამბობს ნათია თურნავა.

თურნავას თქმით, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებისა და შრომის ინსპექციის ჯგუფები ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად ამოწმებენ ბიზნესებს და უკვე შემოწმებულია 300-ზე მეტი კომპანია.

თურნავას თქმით, შემდეგი კვირიდან პრიორიტეტული ონლაინ ვაჭრობის კომპანიები იქნება და სამინისტრო ამ სექტორში დაკავებულ კომპანიებს გადაამოწმებს. 

"შემდეგ კვირაში ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების შემოწმებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევამზადოთ ეს სექტორი მომენტისთვის, როცა დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას.", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

საქართველოში საკვებისა და ფარმაცევტული ნაწარმის გარდა, ყველა სახის ონლაინ-ვაჭრობა 30 მარტის დადგენილებით აიკრძალა. მოგვიანებით, 2 აპრილს დადგენილებაში ცვლილება შევიდა და ნებადართული გახდა ეკონომიკური საქმიანობა, რომლის დროსაც სამუშაო ადგილზე 5 ადამიანზე მეტი არ იმყოფება.

კომენტარები