რუსული ოკუპაცია

საგარეო: ქარელში ხელოვნური ბარიერების აღმართვით ხალხს მიწის ნაკვეთებზე წვდომა შეეზღუდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირთან ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომა შეეზღუდა. 

"კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. 

აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები", - წერია უწყების განცხადებაში.  

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასევე, უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.  

დღეს, 17 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს.

კომენტარები