ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილმა მერმა და მისმა მოადგილემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს. ინფორმაცია ტაბულას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. ისინი სასჯელს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის იხდიდნენ.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს დარჩენილი სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა. მათ შორის არიან გულორდავა და გოგია.

"მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით- შინაპატიმრობით", - ამბობენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

2019 წლის დეკემბერში ლაშა გოგიას ცოლმა, ნანა თოდუამ, გაავრცელა ფოტო, რომელზეც გოგია ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გულორდავა და გოგია შაბათ-კვირას საპატიმროს დატოვების უფლებით სარგებლობდნენ. მალევე, გოგიას ციხიდან გამოსვლის შეღავათი გაუუქმდა. პენიტენციურ სამსახურში განმარტავდნენ, რომ მან ვერ გამოავლინა ქცევა, რაც დანაშაულის გაცნობიერებას გულისხმობს.  

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. სასამართლომ გოგია და გულორდავა დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 2019 წლის ივნისში, 2-წლიანი პატიმრობა და 4 წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. 

კომენტარები