კორონავირუსი და ეკლესია

გურჯაანისა და ველიციხის ეპარქია: წირვაზე დასწრება საპატრიარქოს განწესების მიხედვით მოხდება

გურჯაანისა და ველიციხის ეპარქია დამატებით განმარტებას აკეთებს იმის შესახებ, თუ როგორ გაიმართება ეპარქიის ფარგლებში სააღდგომო ლიტურგია. 

როგორც ეპარქიის განცხადებაში წერია, "საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებულ ინფორმაციას არაზუსტი ინტერპრეტაცია" მოჰყვა, "თითქოს მრევლს ტაძარში მისვლა ეკრძალებოდა". ეპარქია განმარტავს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება საპატრიარქოს მიერ განცხადებული განწესების მიხედვით აღესრულება, თუმცა ეკლესიაში არმისვლა მრევლის არცერთ წევრს "არაეკლესიურ მოქმედებად" არ ჩაეთვლება. 

"საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებული ინფორმაციის არაზუსტი ინტერპრეტაციის გამო, რომელშიც იყო ნათქვამი, რომ თითქოსდა მრევლს ეკრძალებოდა ტაძარში მისვლა, გვსურს შევიტანოთ შესწორება იმის თაობაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება აღესრულება საპატრიარქოს მიერ განცხადებული განწესების მიხედვით, თუმც მოყვასისადმი ღვთისმიერი სიყვარულის გამო, სახლში დარჩენა, გამომდინარე გარემოებების გათვალისწინებით, ეკლესიის არც ერთ წევრს არ ჩაეთვლება არაღვთისნიერ და არაეკლესიურ მოქმედებად, რამეთუ მოყვასისადმი სიყვარული და გაფრთხილება არის საფუძველი სარწმუნოებისა, რაც იყო სწორედ რჩევის სახით მითითებული" , - წერია ეპარქიის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

ტაბულა დაუკავშირდა გურჯანიისა და ველიციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ განცხადებით გვეხელმძღვანელა. 

რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების მიუხედავად მღვდელმთავრებსა და მთავრობის წევრებს შორის, საპატრიარქო დათმობაზე არ მიდის და საქართველოს მოქალაქეების რისკის ფასად, სააღდგომო ლიტურგიას ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებს. მთავრობა ამას "შეთანხმებას" უწოდებს. 

ე.წ კომენდანტის საათის გამო, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, მრევლი ეკლესიებში საღამოს 21:00 საათამდე მივიდეს და იქაურობა დილის 06:00 საათამდე არ დატოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესიებში შეკრებილ ადამიანებს დახურულ სივრცეში, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში მოუწევთ ფეხზე დგომა, რაც ერთი კოვზით ზიარებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად ზრდის ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას. 

საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს, 16 აპრილს მთავრობამ 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალა. გუშინ, 17 აპრილს კი საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა და მთავრობამ სამღვდელოებისთვის, სტიქაროსნებისთვის, მგალობლებისა და მედავითნეებისთვის პრივილეგია დააწესა და გამონაკლისის სახით, მათ ავტომობილებით გადაადგილების ნება დართო.

რაც შეეხება მრევლს, მათი ნაწილი ამბობს, რომ ეკლესიებში ფეხით მივლენ. 

საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ეპისკოპოსებს რჩებათ ფორმალური უფლება, რომ თავად გადაწყვიტონ, როგორ ჩატარდება მათ ეპარქიებში სააღდგომო ლიტურგია. 

მაგალითად, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ეს ღმერთის უარყოფა არ იქნებოდა, თუმცა ამავდროულად მათთვის ტაძრები არ დაუხურავს. 

რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, მიტროპოლიტ დიმიტრის გადაწყვეტილებით, ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება მხოლოდ ეპარქიაში არსებულ მონასტრებში, მრევლის გარეშე გაიმართება, ხოლო სამრევლო ტაძრებში სააღდგომო წირვა აღდგომის დღეს, დილის 7 საათზე დაიწყება.

ჭყონდიდის ეპარქიასა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება დილით გაიმართება. 

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლოებას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და ქვეყანა "კუბოების თვლას" ვერ აუდიოდეს. 

მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია - მხოლოდ 488 რეანიმატოლოგითა და 258 ინფექციონისტით, სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მაქსიმუმ 1 200 ადამიანის მოვლას შეძლებს. 9 მაისისთვის კი, აღდგომიდან ორ კვირაში, ჯანდაცვის სისტემა მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 4 000 ინფიცირებულს ელოდება

კომენტარები