კორონავირუსი

გერმანია: Covid-19-ის გავრცელებას ვაკონტროლებთ, საგანგებო მდგომარეობის ზოგ წესს ვამსუბუქებთ

REUTERS

გერმანიაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას აკონტროლებენ და 20 აპრილიდან ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის შესამსუბუქებლად ემზადება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შფანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსს აკონტროლებს - "დაინფიცირების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, განსაკუთრებით ყოველდღიურმა ზრდამ".

გერმანიის რობერტ კოხის დაავადების კონტროლის ინსტიტუტის ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაჩვენებელი 0.7-მდე დაეცა. ეს იმას ნიშანვს, რომ თუ გერმანიაში პირი დაინფიცირებულია, ის საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

გერმანია მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით მეხუთე ადგილზეა ინფიცირების 141 968 შემთხვევით, აქედან 85 400 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია - 4 377. გერმანიაში მასობრივი ტესტირება ვირუსის გავრცელებიდან მალევე დაიწყეს - ქვეყანაში ახალი ვირუსის გამოსავლენად 1 728 357 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი.

20 აპრილიდან ქვეყანაში პატარა მაღაზიები გაიხსნება, მოსწავლეების ნაწილი კი 4 მაისიდან დაუბრუნდება სკოლებს. ამის მიუხედავად, სხვა აკრძალვები კვლავ შენარჩუნდება, მათ შორის, ორ ადამიანზე მეტი პირის თავშეყრა საჯარო ადგილებში. 

შფანმა განაცხადა, რომ გერმანია აგვისტოს ბოლომდე კვირაში 50 მილიონი დამცავ ნიღაბს აწარმოებს. რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების შეკავებისთვის საკონტროლო აპლიკაციას, გერმანელები ამ პროგრამაზე წვდომას, დაახლოებით, 3 ან 4 კვირაში შეძლებენ. აპლიკაცია ევროპის ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება.

აპლიკაცია დაინფიცირებულ ადამიანის იდენტიფიკაციას არ მოახდენს, მისი მოხმარება უფასო იქნება, აპლიკაციის დაყენება სავალდებულო არ არის. მსგავსი აპლიკაციის დანერგვას ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებენ. ამას გარდა, Apple და Google მსგავს ტექნოლოგიას ქმნიან, რომელიც მომხმარებლებს Covid-19-ის მქონე პირთან კონტაქტს ამცნობს.

20 აპრილიდან დაწყებითი სკოლის ბავშვებისთვის სკოლების გახსნას გეგმავს დანიაც. დანიაში ასევე დასაშვები იქნება თმის და ტატუს სალონების საქმიანობის გაგრძელება. საფრანგეთში ზოგიერთი მოსწავლისთვის სკოლის გახსნას 11 მაისიდან აპირებენ. ავსტრიაში, იტალიაში და ესპანეთში ზოგიერთ ბიზნესს საქმიანობის გაგრძელების უფლება უკვე მისცეს. ფინეთმა ჰელსინკის რეგიონში მოგზაურობის აკრძალვა მოხსნა. ნორვეგია, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკაც ზოგიერთი სოციალური დისტანციის წესების შემსუბუქებას გეგმავს. 

ტესტები, ასაკი, ჯანდაცვა - რატომაა გერმანიაში COVID19-ით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი

გერმანიაში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1.75%) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქვეყნებს. გერმანიის დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელს სამი ძირითადი მიზეზი აქვს - ტესტირება, გამართული ჯანდაცვის სისტემა და დაინფიცირებულთა დაბალი საშუალო ასაკი.

გერმანია იმაზე მეტ ტესტს ატარებს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან (მაგ. იტალია, შვედეთი), ტესტები არ უტარდებათ მხოლოდ იმათ, ვინც საავადმყოფოებში მიდიან და სიმპტომებს ავლენენ. აგრესიული ტესტირების საშუალებით გერმანიას საშუალება აქვს გამოავლინოს ისეთი დაინფიცირებულებიც, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

აპრილის ბოლოდან მთავრობა გეგმავს, კვირაში 100 000 ადამიანს ჩაუტარდეს ტესტი, რათა გაირკვეს, გამომუშავდა თუ არა იმუნიტეტი დაავადების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტები გერმაიაში მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა და განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, მთავრობა მათ სრულად ანაზღაურებს. ამდენად, ტესტირებისგან ნაკლებად იკავებენ თავს ისინი, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. შედეგად, ქვეყანას აქვს საშუალება, უკეთ შეაკავოს ვირუსის გავრცელება.

სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელი ისიცაა, რომ გერმანიაში დადასტურებული შემთხვევებიდან დაბალია ხანშიშესულთა წილი. მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ გერმანია ეპიდემიას კარგი ჰოსპიტალური ტევადობით შეხვდა. იანვარში გერმანიაში 28 ათასი ინტენსიური მზრუნველობის საწოლი იყო მართვითი სუნთქვის სისტემით, ანუ 100000 ადამიანზე 34.

კომენტარები