რუსული ოკუპაცია

უკრაინა რუსეთს: შეწყვიტეთ ცხინვალში, საოკუპაციო ხაზთან ხელოვნური ბარიერების მონტაჟი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება და წერს, რომ უკრაინა გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს. 

მეგობარი ქვეყნის საგარეო უწყება ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ხელოვნური ბარიერის მონტაჟი და საქართველოს ოკუპირებ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების სრული და შეუზღუდავი გადაადგილება უზრუნველყოს. 

"ასეთი პროვოკაციული ქმედებები ააშკარავებს რუსეთის ფედერაციის შორს მიმავალ გეგმებს რეგიონში დაძაბულობის ესკალირებისა და საქართველოში, ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების შესახებ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ასევე მათთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, სასიცოცხლო საჭიროების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და წყლის რესურსებზე წვდომაზე უარის თქმა, საერთაშორისო სამართლის ცალსახა დარღვევაა და ქმნის დამატებით საფრთხეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით Covid-19-თან ბრძოლისას. 

კერძოდ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციის ქმედებებით, გააგრძელოს უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია. ამის მაგალითი იყო Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული საჭიროებების ქვეტექსტით დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური ჯარების გადასხმა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მტკიცედ გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, საქართველოში, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაუყონებლივ შეწყვიტონ ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება, ასევე მოვუწოდებთ, სრულად და შეუზღუდავად უზრუნველყოს საერთაშორისო მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაჟინებით მოვუწოდებთ, სრულად შეასრულონ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,"- წერია განცხადებაში. 

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან გუშინ, 17 აპრილს გადმოწიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებზე წვდომა შეეზღუდა. საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დაგმო აშშ-ის საელჩომ და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა.

კომენტარები