რუსული ოკუპაცია

ჟენევის ფორმატის თავმჯდომარეები მხარეებს: თავი შეიკავეთ პროვოკაციული ზომებისგან

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურებიან და დაჟინებით მოუწოდებენ მოლაპარაკების ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. 

"ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ვიხსენებთ ჩვენს 31 მარტის განცხადებას და გაეროს გენერალური მდივნის გუტერესის მოწოდების სულისკვეთების შესაბამისად, მტკიცედ მოვუწოდებთ საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მხარეს, გვერდით გადადონ განსხვავებები და თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რაც დაძაბულობას გაზრდის. 

რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანის სიკეთისთვის და საერთო საფრთხის, Covid-19-ის წინააღმდეგ ფოკუსი თანამშრომლობაზე უნდა იყოს. გავრცელებული ცნობები სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან ნიშნების აღმართვის შესახებ, ხელს უწყობს დაძაბული ატმოსფეროს შექმნას ადგილზე და ადგილობრივ მოსახლეობას სარჩოს ართმევს. 

Covid-19-ის გლობალური გამოწვევის პირისპირ, რომელიც მოითხოვს საერთო მიდგომებსა და თანამშრომლობას ყველას შორის, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მონაწილე მხარის მიმართ, თავი აარიდონ პროვოკაციულ ზომებს და ფოკუსირდნენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებაზე,"- წერია განცხადებაში. 

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან გუშინ, 17 აპრილს გადმოწიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნური ბარიერების აღმართვით მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებზე წვდომა შეეზღუდა.

კომენტარები