კორონავირუსი

ცერცვაძე აჭარაში გარდაცვლილზე: Covid19 რომც არ ჰქონოდა, მაინც თითქმის უიმედო პაციენტი იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის გადარჩენა "შეუძლებელი იყო". ცერცვაძემ რუსთავი ორის ეთერში აღნიშნა, რომ მას ბევრი მძიმე დაავადება ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტი დღეს, 18 აპრილს, კლინიკა მედალფაში მოინახულა.

"კორონავირუსი რომც არ დამართნოდა, ის ისედაც ძალიან მძიმე და თითქმის უიმედო იქნებოდა, იმდენი მძიმე დაავადება ჰქონდა. იყო შაქრიანი დიაბეტი სხვა თანმხლები დაავადებებით, მას ერთი თვის წინ ჩაუტარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია, შემდეგ, მას აღენიშნებოდა აბსესები სხეულზე ანუ ჩირქგროვები. პლუს, ამას დაემატა კორონავირუსი. ჩვენ ექიმები ვართ, სასწაულმოქმედები არ ვართ, არც აქ, არც ბათუმში" - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი 18 აპრილის საღამოს გარდაიცვალა. ის ე.წ ქობულეთის კლასტერიდან იყო.

ქვეყანაში ინფიცირების 388 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი.

კომენტარები