კორონავირუსი თურქეთში

თურქეთი ტურიზმისათვის გახსნას და Covid-19-სგან თავისუფალ ზონებზე სერტიფიკატების გაცემას გეგმავს

მეჰმეთ ნური ერსოი

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ თქვა, რომ მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლი მიხედვითაც კორონავირუსისაგან თავისუფალ ადგილებს ტურიზმისათვის გახსნის სერტიფიკატებს მისცემენ.

"სეტრიფიკაციის პროცესი დავიწყეთ, რათა განვსაზღვროთ კორონავირუსისაგან თავისუფალი ზონები. გეგმას ეტაპობრივად განვახორციელებთ. კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჩავრთავთ, რათა სერტიფიკაციის სისტემა სწრაფად ამუშავდეს მაისის პირველ კვირებში. მაისის ბოლომდე ტურისტული ადგილები ამ სერტიფიკატებს მიიღებენ." თქვა მან.

ერსოის თქმით, სერტიფიცირების კომისიაში ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული და ელიან, რომ შიდა ტურიზმი ივნისში განახლდება. სერტიფიკატების მისაღებად ტურისტულ ადგილებს რეგულაციების დაცვის მიზნით ცვლილებების განხორციელება მოუწევთ, მათ შორის, დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა. მოხდება სატრანსპორტო საშუალებების რეგულარული დეზინფექცია, მომუშავე პერსონალი კი სპეციალურ გადამზადებას და შემოწმებას გაივლის. სასტუმროებს, რესტორნებსა და მუზეუმებს გადაეცემათ სპეციალური აღჭურვილობა, რათა ადგილზე მისულ ტურისტებს სიცხე გაუზომონ. ტურისტებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დოკუმენტის წარმოდგენა მოუწევთ. ტურ ოპერატორებს ექნებათ მონაცემები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის პალატების და სასუნთქი აპარატების არსებობის შესახებ.

ერსოიმ თქვა, რომ პროცესის დასრულების შემდეგ მთავრობა სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდება, რათა მათგან ტურისტების მიღება განიხილონ.

"სხვა ქვეყნებთან შეთანხმების შემდეგ ფრენებს დავიწყებთ. პირველ ეტაპზე ველით ტურისტებს აზიის ქვეყნებიდან. მეორე ეტაპზე გერმანიიდან და ავსტრიიდან." - თქვა მან. მისივე თქმით, ბრიტანელ და რუს ტურისტებს ივლისამდე თურქეთში მოგზაურობის შესაძლებლობა არ ექნებათ.

2019 წელს თურქეთში რეკორდული რაოდენობის, 51,9 მილიონი ტურისტი შევიდა, ქვეყანამ მხოლოდ ტურიზმისგან ამ წელს 34.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წელს ამ რიცხვის ზრდას 60 მილიონამდე ელოდნენ, თუმცა კორონავირუსის გამო ეს შეუძლებელი გახდა.

ბოლო მონაცემებით თურქეთში ახალი კორონავირუსი 82,329 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 1,890, გამოჯანმრთელდა 10,453.

კომენტარები