კორონავირუსი და ეკონომიკა

იაპონია მასტიმულირებელი პაკეტის ღირებულებას $1.1 ტრილიონამდე ზრდის

იაპონიის მთავრობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად შემუშავებული მასტიმულირებელი პაკეტის ღირებულებას 8%-ით ზრდის.

Reuters-ის თანახმად, პაკეტის ჯამური ღირებულება 117.1 ტრილიონ იენს, ანუ 1.086 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

პაკეტის გაზრდის მიზეზი მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარების ჩამატებაა. თავდაპირველ ვარიანტში მთავრობა გეგმავდა, რომ დაერიგებინა 300 ათასი იენი (2784 დოლარი) ისეთი ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც მკვეთრად შემცირდა.

თუმცა, კრიტიკის შედეგად, მთავრობამ გადაწყვიტა, ყველა მოქალაქისთვის 100 ათასი იენის (928 დოლარი) ოდენობის დახმარება განესაზღვრა.

გაზრდილი ხარჯების დასაფარად იაპონიის მთავრობა დამატებით 25.6914 ტრილიონი იენის ღირებულების ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, რითაც სახელმწიფო ვალი, რომელიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ორჯერ აღემატება, კიდევ უფრო გაიზრდება.

იაპონიაში ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 10 800-მდე შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 236 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1159 უკვე გამოჯანმრთელდა. დაინფიცირების დაახლოებით მეოთხედი ტოკიოზე მოდის.

კომენტარები