ბრმა ტყვია

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელი დააკავა

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან გაისროლა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს", - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ბრმა ტყვიას მოქალაქის სიცოცხლე აღდგომის დღესასწაულზე 19 აპრილს ღამით ემსხვერპლა.

კომენტარები