ბიბლიოთეკის დაწვა

კახიძე: ქათამაძე, რომელმაც ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, ხელისუფლების წაქეზებით მოქმედი პირია

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, პირი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, ხელისუფლების წაქეზებით მოქმედებს, რადგან ის მაშინაც კი არ დააკავეს, როცა ნიკა გვარამიას თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ. 

"მაშინ რომ დაეკავებინათ, ბიბლიოთეკას ვეღარ გადაწვავდა ეს ბოროტმოქმედი. თუმცა, ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი არის სწორედ ხელისუფლების წაქეზებით მოქმედი პირი. როგორც მინიმუმ, ეს წაქეზება გამოიხატა მის დაუსჯელობაში, თუმცა, შესაძლოა, რომელიმე უწყების პირდაპირ უშუალო დავალებასაც კი ასრულებდა", - ამბობს კახიძე.

მისივე თქმით, საყურადღებოა, დაკავების შემდეგ დააკისრებენ თუ არა მას პასუხიმგებლობას კანონის სრული სიმკაცრით, "თუ მასაც ისევე გამოაძვრენენ, როგორც ეს გააკეთეს კორცხელელი მოძალადეების შემთხვევაში".

მოქალაქე, ბაჩო ქათამაძემ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი გუშინ, 19 აპრილს წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული.

ის ამბობდა, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია.

"იბუგება, იბუგება ყველაფერი, გადავბუგავ ყველაფერს, დედას მოვ****ავ ამგენს. პოლიცია, დამირეკე, აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მეფე ვარ, მეფე... მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, რა, აბა, რა ჰგონიათ, სადამდე იბლატავებენ" - ამბობს ის.

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

ბაჩო ქათამაძე ერთერთია იმ პირთაგან, რომლებიც 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. FB-მომხმარებელ ბაჩო ქათამაძეს პროფილზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმისას დაკავების დროს გადაღებული ფოტო უყენია.

კომენტარები