ხანძარი ბიბლიოთეკაში

ბოკუჩავა: ქათამაძე, ვინც ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, სუს-ის აგენტია, ხელისუფლება მფარველობს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ბადრი ქათამაძე, რომელმაც 19 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და სწორედ ამიტომ, ის სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან მფარველობით და სრული ხელშეუხებლობით.

ბოკუჩავას თქმითვე, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში, მაშინვე უნდა დააკავონ, თუმცა ქათამაძის შემთხვევაში ასე არ მოხდა. 

"მან 2018 წელს რკინის საგნით ფიზიკური ზიანი მიაყენა ზაურ აბაშვილს, ამის გამო ის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შემდეგ, 2019 წელს, თავს დაესხა შვილმოკლულ მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ის მხოლოდ განარიდა. 2020 წელს ის თავს დაესხა მთავარი არხის დამფუძნებელ დირექტორს ნიკა გვარამიას. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა მოხდა სასამართლოს ეზოში და არსებობს უამრავი მოწმე, პოლიციამ ასევე განარიდა და რაც უნდა ცინიკური იყოს, სასამართლოს ეზოში მომხდარ დანაშაულზე არ დაწყებულა საქმე, სასამართლომდეც კი არ მისულა",- ამბობს ბოკუჩავა. 

ბოკუჩავას თქმითვე, ეს დანაშაული ქართული ოცნების სახეა.

"აღდგომა დღეს, როდესაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო ზეიმობს სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე, სინათლის, განათლების სიმბოლოზე, ბიბლიოთეკაზე, განახორციელა ასეთი თავდასხმა, გააჩინა ხანძარი რეციდივისტმა ბადრი ქათამაძემ", - ამბობს ბოკუჩავა.

პარტია აპირებს, რომ ზარალის ანაზღაურებისთვის სასამართლოს მიმართოს. ისინი სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ თხოვნით, მიადევნონ თვალი ამ საქმეს, რომ დამნაშავის გამოშვებამ მომავალი დანაშაულები არ წაახალისოს. ბოკუჩავა ამბობს, რომ ქათამაძე ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლით არის დაკავებული და ვარაუდობს, რომ მას გირაოთი გაათავისუფლებენ. 

ხსენებულმა მოქალაქემ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი გუშინ, 19 აპრილს, წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული.

ვიდეოში ის ამბობს, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია.

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე

კომენტარები