საგანგებო მდგომარეობა

სესიაშვილი: საგანგებოს გაგრძელების ეკონომიკურ პროგრამასთან დაკავშირება სპეკულაციაა

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. 

ის აღნიშნავს, რომ COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მზარდია, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ლოგიკური და აუცილებელია. სესიაშვილი ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს:

"სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური სპეკულირებით არის დაკავებული, როდესაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს, რისი მიზანიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვაა, უკავშირებს ეკონომიკურ პროგრამას, მაშინ, როდესაც თავადაც კარგად ხედავენ, რამდენად ეფექტურად მოქმედებს მთავრობა ეკონომიკური პრობლემების გამოწვევების მიმართულებით", - ამბობს დეპუტატი.

სესიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს, ოთხშაბათს დაამტკიცებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, წყვეტა არ იქნება. 

"როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერი ხელს მოაწერენ ამ ბრძანებას, ის დაუყოვნებლივ ძალაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გრძელდება საგანგებო მდგომაროება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არავის ეგონოს, რომ საგანგებო მდგომარეობაში რაიმე წყვეტაა და მათ გარკვეული უფლებები აღუდგებათ“, - თქვა სესიაშვილმა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული, თუმცა მთავრობამ პრეზიდენტს 10 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით უკვე მიმართა.

ოპოზიცია ამბობს, რომ კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე საგანგებოს გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ამ დროს დაწესებული შეზღუდვები ძალიან მძიმედ აისახება მოქალაქეების ცხოვრებაზე.

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს. ის ასევე განმარტავს, რომ პარტია მხარს დაუჭერს ყველა სამედიცინო ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, თუმცა, არსებულ პირობებში, მხარს ვერ დაუჭერენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე.

კომენტარები