ახალი კორონავირუსი

"თუ Covid 19-ზე აცრა სავალდებულო გახდა, გადაწყვეტილების მიღება მომიწევს", - ჯოკოვიჩი ანტივაქსერია

0 კომენტარი

ვაქცინაცია სიცოცხლის გადარჩენის გზაა. ის ადამიანებს არაერთი ვირუსისა და ინფექციისგან იცავს. 2010-დან 2015 წლამდე ვაქცინაციამ სიკვდილისგან დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იხსნა.

თუმცა, მსოფლიოს N1 ჩოგანი კაცთა შორის, ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინაციის წინააღმდეგია. ამან, შესაძლოა, კარანტინის დასრულების შემდეგ მის ჩოგბურთში დაბრუნებას ხელი შეუშალოს.

"პირადად მე ვაქცინაციას ვეწინააღმდეგები და არ მსურს, ვინმეს აცრა მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაუტარდეს იმისთვის, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობის უფლება მისცენ. მაგრამ თუ ის სავალდებულო გახდება, რა მოხდება? გადაწყვეტილების მიღება მომიწევს", - თქვა მან ფეისბუქ ლაივში კვირას, 19 აპრილს.

"ჰიპოთეტურად, თუ ჩოგბურთის სეზონი ივლისში, აგვისტოში ან სექტემბერში განახლდება - რაც მოსალოდნელი არ არის, მესმის, რომ კარანტინის შემდეგ ვაქცინა აუცილებელი მოთხოვნა გახდება, თუმცა, ისინი ჯერ არ არსებობს", - თქვა ჩოგბურთელმა.

გასულ თვეში, ქალთა შორის ყოფილმა N1-მა ჩოგანმა, ამელი მოესმომ თქვა, რომ 2020 წელს ჩოგბურთის სეზონი შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს. მისი თქმით, თამაშები არ განახლდება მანამ, სანამ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეიქმნება.

"საერთაშორისო წრეა - მოთამაშეები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მენეჯმენტი, მსაჯები და გულშემატკივრები დედამიწის ოთხივე მხრიდან, რომელიც შეჯიბრებებს აცოცხლებენ. არ იქნება ვაქცინა, არ იქნება ტენისი", - დაწერა მან ტვიტერზე.

თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ამის შექმნას, სულ მცირე, 1 წელი სჭირდება.

2020 წლის უიმბლდონი არ ჩატარდება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ხდება. საფრანგეთის ღია პირველობა კი, რომლის გახსნაც 24 მაისს იყო დაგეგმილი, სექტემბრის ბოლოს გადაიტანეს, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პირველობა, წესით, დასრულდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო - მან ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და დიდი სლემის გამარჯვებული მეჩვიდმეტედ გახდა.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით შექმნილი არ არის, თუმცა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მეცნირები ამაზე აქტიურად მუშაობენ.

Covid 19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და პანდემიად გამოცხადდა. ინფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 166 000.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები