ბიბლიოთეკის დაწვა

ნათელაშვილი ბიბლიოთეკაში ხანძარზე: ეს იყო ტერორისტული აქტი

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ტერორისტულ აქტად აფასებს. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული და "მასობრივი შიშის დანერგვისთვის არის გათვლილი". 

"იმისთვის, რა თქმა უნდა, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ხმა არ ამოიღოს და გაჩუმდეს. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ეს არის ნავთის დასხმა იმ კოცონზე, რომელიც მათ კართან კარგახანია ანთია და ის უფრო გაძლიერდება, აი, ასეთი ზეწოლით და არაპოლიტიკური, უზნეო, კრიმინალური ქმედებებით. ეს იყო ტერორისტული აქტი"- ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

მოქალაქე ბაჩო ქათამაძემ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი გუშინ, 19 აპრილს წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული.

ქათამაძე ამბობდა, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით მისი გამოსახულება გაქრა, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა გაისმა. როდესაც ქათამაძე LIVE-ში დაბრუნდა, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი ეკიდა.

"იბუგება, იბუგება ყველაფერი, გადავბუგავ ყველაფერს, დედას მოვ****ავ ამგენს. პოლიცია, დამირეკე, აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მეფე ვარ, მეფე... მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, რა, აბა, რა ჰგონიათ, სადამდე იბლატავებენ" - ამბობდა ის LIVE-ში.

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ბაჩო ქათამაძე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

ბაჩო ქათამაძე ერთერთია, ვინც 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას თავს დაესხა. მას FB-პროფილზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმისას დაკავების დროს გადაღებული ფოტო უყენია.

კომენტარები