ნავთობი

მოთხოვნის შემცირების გამო, ბარელი ნავთობის ფასი 1$-ზე ნაკლებია

განახლება:

ისტორიაში პირველად, WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 0$-ს ჩამოსცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველები პირიქით უხდიან მყიდველებს, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებენ. საუბარია მაისის ბოლო დღეების ფიუჩერსებზე  - დღეს შეძენილ პროდუქციას მყიდველები სწორედ ამ თარიღებში მიიღებენ. 

რამდენიმე წუთით ადრე ნავთობის ფასი 1$-ზე ნაკლები იყო. ის მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად უფასურდებოდა. ამავდროულად, ამავე სახეობის ნავთობზე ივნისის ფიუჩერსებიც გაიაფდა, თუმცა განულებას გადაურჩა და 21 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

WTI-ის [West Texas Intermediate]მარკის ნავთობი, აშშ-ში, ტექსასში, წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეობაა. ამ მარკის ნავთობზე ფასის დაცემა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია იმის შესახებ, რომ კონკრეტულად ამ სახეობის ნავთობის შემნახველი საწყობები შესაძლოა უახლოეს კვირებში გადაივსოს. 

ნავთობის ფასის ასე დაცემა კორონავირუსის კრიზისის გამო მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ განაპირობა და შემდეგ OPEC+-ის შეთანხმების ჩაშლამ გამოიწვია. 

წინა კვირაში გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, ნავთობის საერთაშორისო მიწოდება მოთხოვნას 20 მილიონი ბარელით აღემატება და OPEC+-ის შეთანხმება მოპოვების 10 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

კომენტარები