კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი: უხილავი მტრის თავდასხმის გამო დროებით აშშ-ში ყველა სახის იმიგრაცია შეჩერდება

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბრძანებას მოაწერს ხელს, რითიც კორონავირუსის გამო ქვეყანაში დროებით ყველა სახის იმიგრაცია შეჩერდება. ტვიტერზე მან მიზეზად უხილავი მტრის თავდასხმა და ამერიკელების სამუშაო ადგილების დაცვა დაასახელა:

"უხილავი მტრის თავდასხმის გამო, ასევე იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი შესანიშნავი ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილები, ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომელიც დროებით აშშ-ში ყველა სახის იმიგრაციას შეაჩერებს."

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ახალი ბრძანება. თეთრ სახლში ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. გასულ თვეს კორონავირუსის გამო აშშ-მა თითქმის ყველა სახის სავიზო აპლიკაციის განხილვა შეაჩერა, მათ შორის იმიგრანტების. აშშ-მა უკვე მიაღწია შეთანხმებას კანადასა და მექსიკასთან მაისის შუა რიცხვებამდე საზღვარზე შეზღუდვების გახანგრძლივების თაობაზე. შეზღუდვა ეხებათ კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებსაც, თუმცა დროებითი სამუშაო, სასწავლო და ბიზნეს ვიზიტისათვის განკუთვნილი ვიზები გამონაკლისს წარმოადგენს.

პარალელურად კი ტრამპი შტატების გუბერნატორებს მოუწოდებს დაიწყონ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა. აშშ-ის რამდენიმე შტატში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები გაიმართა.

უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში უმუშევრობაზე განცხადება 20 მილიონმა ამერიკელმა შეავსო.

ოფიციალური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სულ ვირუსი ამ დროისათვის 792,938 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 42,518, გამოჯანმრთელდა 72,389 ადამიანი.

კომენტარები