კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებენ

ჯუზეპე კონტე
Reuters

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებენ. შეზღუდვების მოხსნის გეგმა კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

"ნეტავ შემეძლოს ვთქვა: 'დაუყოვნებლივ გავხსნათ ყველაფერი. ხვალ დილიდან ვიწყებთ... მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო იქნებოდა. ამით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ უკონტროლოდ გაიზრდებოდა და გაანულებდა იმ ძალისხმევას, რაც მის შემცირებაში ჩავდეთ. უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც ტერიტორიულ თავისებურებებს ითვალისწინებს", - დაწერა კონტემ Facebook-ზე.

კორონავირუსის გამო იტალიაში ბიზნესების უმეტესობა დაიხურა, მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდეს. შეზღუდვები ძალაში 9 მარტს შევიდა. არააუცილებელი პროდუქტებით მოვაჭრე მაღაზიები 22 მარტს დაიხურა.

კონტე ირწმუნება, რომ შეზღუდვების მოხსნა საკითხის ღრმა მეციერული შესწავლის საფუძველზე მოხდება და არა იმისათვის, რომ საზოგადოების რომელიმე ნაწილის, ან კომპანიების მოთხოვნები დააკმაყოფილონ ეკონომიკის გახსნის თაობაზე.

"შეზღუდვების მოხსნას შეიცავს ინფიცირების მაჩვენებლის მატების რისკს და მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ზრდა მინიმუმამდე დავიყვანოთ", - თქვა მან.

20 აპრილს იტალიაში ახალი კორონავირუსის 2256 შემთხვევა დადასტურდა. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში ბოლოს 9 მარტს, 1797 ინფიცირებული იყო, 10 მარტს - 977, ხოლო 11 მარტიდან (2313 ინფიცირებული) ახალი შემთხვევების მატება დაიწყო. 

20 აპრილს იტალიაში ახალი ვირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა. 

მთლიანობაში, ქვეყანას 181,228 ინფიცირებული, 24,114 გარდაცვლილი და 48,877 გამოჯანმრთელებული ჰყავს. კორონავირუსზე ტესტი 20 აპრილის მონაცემებით, 1 398 024 ადამიანს ჩაუტარდა.

იტალიაში საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში სამ მაისამდე გახანგრძლივდა. თუმცა, 14 აპრილიდან გაიხსნა წიგნების, ბავშვების ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები.

კომენტარები