COVID-19

გაერო: COVID-19-ის შედეგად, შესაძლოა, მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა გაორმაგდეს

გაეროს მსოფლიოს კვების პროგრამის კვლევის თანახმად, 2020 წელს მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობა, კორონავირუსის კრიზისის შედეგად, შესაძლოა, გაორმაგდეს.

ამჟამად, მწვავედ მოშიმშილეთა კატეგორიაში გაეროს 135 მილიონი ადამიანი ჰყავს აღრიცხული, რასაც კიდევ 135 მილიონი შეიძლება, დაემატოს ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გადმორიცხვების კლების და სხვა შეზღუდვის გამო.

გაეროში ამბობენ, რომ დონორ ქვეყნებს კვლავაც არ გამოუყვიათ სათანადო სახსრები, რაც გადაუდებლადაა საჭირო ყველაზე მწვავე დარტყმის ქვეშ მყოფ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

როგორც გაეროს კვების პროგრამაში ვარაუდობენ, დაუყონებლივაა საჭირო 350 მილიონი დოლარის გამოყოფა, თუმცა ამ დროისათვის თანხის მხოლოდ მეოთხედი თუა ხელმისაწვდომი.

კვლევაში ვკითხულობთ იმასაც, რომ მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შეიძლება მოუწიოთ არჩევანის გაკეთება სიცოცხლესა და სასიცოცხლო საშუალებებს შორის, "ყველაზე ცუდ სცენარში კი იმას შორის, კორონავირუსისგან იხსნან ადამიანები, თუ შიმშილისგან."

კომენტარები