კორონავირუსი აშშ-ში

Facebook-მა აშშ-ში კარანტინის რეჟიმის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებათა ნაწილი წაშალა

Reuters.com

Facebook-ის ადმინისტრაციამ ვებგვერდიდან ის ღონისძიებები წაშალა, რომლებიც აშშ-ის რამდენიმე შტატში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საკარანტინე ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებდა. 

კერძოდ, წაიშალა ნებრასკაში, ნიუ ჯერსისა და კალიფორნიის შტატებში დაგეგმილი აქციების ღონისძიებები. 

თუმცა, კომპანია განმარტავს, რომ სოციალური ქსელიდან მხოლოდ ის ღონისძიებები წაიშლება, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს, როგორიცაა მაგალითად, შეკრებაზე შეზღუდვები და ა.შ. Facebook ასევე იმ ღონისძიებების წაშლასაც გეგმავს, რომლებიც სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. 

"ჩვენ ვრთავთ ნებას Facebook-ზე ისეთი ღონისძიებები დაორგანიზდეს, რაც მთავრობის მიერ არ არის ამ პერიოდში აკრძალული. ამავე მიზეზის გამო, ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დაწესებულ სოციალური დისტანცირებას, Facebook-ზე დაშვებული არ იქნება,"- ამბობს კომპანიის სპიკერი ენდი სთოუნი. 

როგორც Reuters წერს, კომპანიას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელი ღონისძიებები წაშალა. 

კვირას, 19 აპრილს ვაშინგტონის შტატის დედაქალაქ ოლიმპიაში, დაახლოებით, 2 500 ადამიანი შეიკრიბა, რათა გუბერნატორის მიერ გამოცემული სახლში დარჩენის წესი გაეპროტესტებინა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ასევე კოლორადოს შტატის დედაქალაქშიც. 

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ნელნელა ამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფიცირებულთა რიცხვებში 14-დღიანი შემცირება შეინიშნება, თუმცა პარტიზანული საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ, პარასკევს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს მხარდამჭერი Tweet-ით გამოეხმაურა და მიჩიგანის, მინესოტასა და ვირჯინიას შტატების "გათავისუფლების" ინიციატივით გამოვიდა. 

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა, 20 აპრილს ABC News-თან საუბარში თქვა, რომ კონტენტი, რომელიც ტირაჟირებს იდეას, რომ სოციალური დისტანცირება ვირუსის შესაჩერებლად ეფექტური არ არის, სოციალური ქსელიდან წაიშლება, როგორც ზიანის მომტანი დეზინფორმაცია. 

აშშ-ში covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 780 000-ს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 42 000-ს შეადგენს. 

კომენტარები