კორონავირუსი

ავსტრიაში მაისის დასაწყისიდან შეზღუდვების კიდევ უფრო შემცირება იგეგმება

REUTERS

ავსტრიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემცირდება - ქვეყანაში რესტორნების, ეკლესიების და ყველა მაღაზიის გახსნა მაისში იგეგმება.

21 აპრილს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი დაეცა, ამიტომ მთავრობას შეუძლია ქვეყნის ხელახალი გახსნის გეგმის შემდეგი ნაბიჯები გადადგას. მისივე თქმით, მთავრობა არსებულ სიტუაციას ორკვირიანი ინტერვალებით განიხილავს, რათა საჭიროების შემთვევაში, სასწრაფოდ შეძლონ მოქმედება.

ავსტრიის კანცლერის განაცხადებით, ქვეყანაში ყველა მაღაზიის გახსნა მაისის დასაწყისიდან იგეგმება. ავსტრიაში პატარა მაღაზიები უკვე 1 კვირაა, რაც გახსნილია. 

ქვეყანაში სკოლების და ეკლესიების გახსნას 15 მაისს აპირებენ. რესტორნების გახსნაც 15 მაისიდან იგეგმება, სადაც ყველა დასაქმებულს პირბადის ტარება ევალება. ამას გარდა იქნება შეზღუდვები, რითაც გარკვეული რაოდენობის ადამიანზე მეტს ერთ სივრცეში ყოფნა არ შეეძლება.

გეგმის გათვალისწინებით, ასევე მაისის დასაწყისში გაიხსნება სილამაზის სალონები.

კურცის თქმით, ნაადრევია იმის თქმა, რომ ავსტრიელებს ევროპაში თავიისუფლად გადაადგილება შეეძლებათ. კურცმა თქვა, რომ თავის საზაფხულო შვებულებას ავსტრიაში გაატარებს - "ავსტრიელებს მხოლოდ იგივე შემიძლია ვურჩიო".

ავსტრიაში დაავადების გავრცელების დინამიკა პოზიტიურია და მიიჩნევა, რომ პიკმა ქვეყანაში უკვე გადაიარა. ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ცხოვრების ჩვეული წესის აღდგენა 14 აპრილიდან დაიწყო. თავყრილობები სულ მცირე ივნისის ბოლომდე კვლავ აკრძალული იქნება. გადაადგილებაზე შეზღუდვები ძალაშია აპრილის ბოლომდე და ჯერჯერობით, უცნობია ახლო მომავალში აღდგება თუ არა.

უკანასკნელი მონაცემებით, ავსტრიაში ახალი კორონავირუსზე 189 018 ტესტი ჩატარდა და ვირუსის 14 873 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 491 პაციენტი, 10 971 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები