კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: შერჩევითი პრინციპით გატესტილ 300 ადამიანზე ინფიცირების 0 შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტები თანდათანობით ფართოვდება და ქვეყანაში "საკმაოდ" მარაგია. მისივე თქმით, რომელ ჯგუფებში გაფართოვდება გატესტვის მაჩვენებელი, ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

"ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები. თუ ისინი ინფიცირებულები არიან, თუმცა, დღეს, ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ, ქობულეთში, ბოლნისში და სხვაგან. ძალიან მიხარია, რომ 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ გაქვს 0 შემთხვევა, უკვე ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ"- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, მიზანდასახული გეგმის შედეგია, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ 408 პაციენტია. 

"ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, იმიტომ, რომ წინ კიდევ შეიძლება გვქონდეს ზრდა და აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყოს რამდენიმე ათეული ყოველდღიურად ან ასეული, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს ჯანდაცვის სისტემას"- აღნიშნავს გამყრელიძე. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 95 გამოჯანმრთელდა, 4 ადამიანი კი - გარდაიცვალა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა - 27 აპრილამდე. 

საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადდა და ის ერთი თვის ვადით დაინიშნა, დღეს კი, 21 აპრილს დრო ამოიწურა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელახლა უნდა გამოსცეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში შედის პრემიერმინისტრის ხელმოწერიდან და 48 საათის განმავლობაში ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებს ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს. 

კომენტარები