ნავთობის ბაზარი

რატომ ეცემა ნავთობის ფასი და რა ელის ბაზარს მომავალში?

ბოლო ორი დღის განმავლობაში ნავთობის დრამატული გაიაფების ფონზე, დღეს OPEC+-ში შემავალი ქვეყნების მინისტრებს შორის კიდევ ერთი ვიდეოკონფერენცია გაიმართა. მხარეები განიხილავენ შესაძლებლობებს თუ რა შეიძლება გააკეთონ ფასების მხარდასაჭერად. მოსალოდნელია, რომ ექსპორტიორი ქვეყნები ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო მეტად  შემცირებაზე მაისამდე შეთანხმდებიან.

20 აპრილის საღამოს, მაისის ფიუჩერსებით ვაჭრობის ვადის ამოწურვის ფონზე, ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ჯერ 0 დოლარამდე დაეცა, ხოლო მოგვიანებით -40 დოლარში გავიდა. სწორედ ამდენს უხდიდნენ მწარმოებლები მყიდველებს, რომლებიც პროდუქციის დასაწყობებას უზრუნველყოფდნენ. 

WTI-ის მარკის ნავთობს დღეს საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკისა და რუსული წარმოების URALS-ის გაუფასურება მოყვა. 

რუსეთში წარმოებული მთავარი საექსპორტო სახეობის URALS-ის მარკის ნავთობის ფასი სავაჭრო დღის გახსნის შემდეგ 10 დოლარს ჩამოცდა. მოსკოვის დროით 12 საათზე ევროპაში URALS-ის მარკის ნავთობის ფასმა 8,4 დოლარი შეადგინა. ასეთი იაფი რუსული ნავთობი ბოლოს 1998 წელს ღირდა. 

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი დღის დასაწყისში 19 დოლარი გახდა. ამ მარკის ნავთობი 20 დოლარზე ნაკლები ბოლოს 2002 წლის თებერვალში ღირდა. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ფასებმა რამდენიმე ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა და მოპოვების შემცირების მიუხედავად, ვითარება კვლავ უკიდურესად დრამატულია. 

რატომ ეცემა ნავთობის ფასები?

20 აპრილის სავაჭრო დღის გახსნისას WTI-ის მარკის მაისის ფიუჩერსებზე ფასი 17 დოლარი იყო, თუმცა რამდენიმე საათში ხელშეკრულების ფასი 57 დოლარით, თითქმის მინუს 38 დოლარამდე დაეცა. ასეთი რამ ამერიკული ნავთობის ინდუსტრიაში პირველად მოხდა. 

WTI-ის მარკის ნავთობი ფინანსურ ბაზრებზე მიტანის სერვისით იყიდება. ფიუჩერსის მფლობელი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ვალდებულია, ნავთობი საკუთარ საწყობში წაიღოს. მიტანა კი ოკლაჰომას შტატში, კუშინგის შემნახველ ტერმინალზე, ხორციელდება.  

20 აპრილს ინვესტორებმა ფიუჩერსების პანიკური გაყიდვა დაიწყეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ სახეობის ნავთობის შემნახველი საწყობებზე თავისუფალი ადგილი თითქმის აღარ არ არის. 

კუშინგის ნავთობ ტერმინალის კომპლექსზე, ე.წ. "ბოთლის ყელის" პრინციპი ამოქმედდა და ნავთობის შემნახველი თავისუფალი სივრცე თითქმის არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერმინალზე ნავთობის თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობით მატება ფასის დრამატულ შემცირებას იწვევს. 

კუშინგი აშშ-ის უმსხვილესი შემნახველი ტერმინალია, რომელიც ამ დროისთვის 70%-ით არის შევსებული. თუკი ტერმინალის მომარაგება მიმდინარე ტემპებით გაგრძელდება, [6-7 მილიონი ბარელი კვირაში] ტერმინალი 4 კვირის შემდეგ 100%-ით იქნება დატვირთული. 

რაც შეეხება Brent-ის მარკას, ამ სახეობის ნავთობზე ფიუჩერსები წაღების ვალდებულებით არ იყიდება, შესაბამისად ხელშეკრულების მფლობელი პროდუქციის დასაწყობების დაუყოვნებლივი ვალდებულებით არ არის დატვირთული. ამ მარკაზე ივნისის ფიუჩერსებით ვაჭრობის ვადა 30 აპრილს იწურება. ამ დროისთვის, ინვესტორები ცდილობენ, დააკვირდნენ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და კონტრაქტები გეგმაზომიერად, პანიკური გაყიდვის გარეშე, მოიშორონ. 

სწორედ ამიტომაც, დღეს ფასის კლება თითქმის ყველა სახეობის ნავთობს შეეხო, მათ შორის Brent-ის მარკის ნავთობსაც, რომელიც დღის განმავლობაში 17 დოლარამდე დაეცა. 

განსხვავებულია რუსული წარმოების ნავთობის URALS-ის ფასის წარმოქმნის სტრუქტურა. ამ მარკის ნავთობზე ფასი მხოლოდ ფიზიკურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად დგინდება. მიუხედავად ამისა, დღეს რუსული ნავთობის ფასი 1998 წლის ფასებს დაუბრუნდა. 

რა იქნება უახლოეს თვეებში?

ნავთობის ფასების დრამატული ვარდნას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. მათ შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკარანტინო ზომების გახანგრძლივება და ამ ფონზე კატასტროფულად შემცირებული მოთხოვნაა. ფასების ვარდნის პირველი ტალღა სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარეობდა. 

ფასების კიდევ უფრო დრამატულად დავარდა მას შემდეგ, რაც 6 მარტს რუსეთი და საუდის არაბეთი მოპოვების შემდგომ შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, საუდის არაბეთმა საფასო ომი გამოაცხდა - დაწესდა უპრეცენდენტო ფასდაკლებები და მოპოვება რეკორდულ 12,3 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. 

ერთთვიანი სანავთობო ბლიცკრიგი საბოლოოდ 12 აპრილს ისტორიული შეთანხმებით დასრულდა. მხარეები ფასების მხარდასაჭერად მოპოვებას დღიურად 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ, თუმცა შეთანხმება მოქმედებას პირველი მაისიდან დაიწყებს. შესაბამისად, მანამდე ფასები საყრდენის გარეშეა. 

არსებობს საფუძვლიანი ეჭვები ამ შეთანხმების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ნავთობის ბაზარზე უპრეცენდენტოდ ჭარბი მიწოდებაა. 15 აპრილს გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიში. დასკვნის მიხედვით, გასული წლის აპრილთან შედარებით, საერთაშორისო მოთხოვნა ნავთობზე დღიურად 29 მილიონი ბარელით შემცირდა და 1995 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. 

სააგენტო ვარაუდობს, რომ მაისში მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება და კლება დღეში 26 მილიონ ბარელს გაუტოლდება. სააგენტოს პროგნოზით, ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში ნავთობზე მოთხოვნა რეკორდული 9,3 მილიონი ბარელით შემცირდება და 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

გლობალური დისბალანსის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასები მომავალ თვეებშიც დაეცემა. ნავთობის შემნახველი ლოჯისტიკური სიმძლავრეები დღეს თითქმის ამოწურულია და მაისში 100%-ით დაიტვრთება, რამაც შესაძლოა ფასების ვარდნის შემდგომი ტალღა განაპირობოს. 

ამ ფონზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ OPEC-ის მოპოვების კიდევ უფრო შემცირება დაჭირდეს, თუმცა ფასების ზრდა ამ შემთხვევაშიც ნაკლებად მოსალოდნელია.

კომენტარები