საგანგებო მდგომარეობა

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოსთვის რეგიონებში დღეში სამი საათით მანქანით გაადგილებას დაუშვებენ

mdf.org

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, საქართველოს რეგიონებში 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება გარკვეულ დროებში შესაძლებელი იქნება. გამონაკლისი დაიშვება დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე. 

ინფორმაცია ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ფოფხაძემ გაავრცელა.

გამონაკლისის შესახებ ცნობა გაავრცელეს თელავისა და გურჯაანის მერიებმაც. ისინი აღნიშნავენ, რომ  27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც, მათივე შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.

"აუცილებელი პირობაა, რომ გადაადგილების დროს დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი)", - აღნიშნულია ორივე განცხადებაში.

როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უწყებათაშორისი საბჭო გააკეთებს.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედ საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება 22 მაისამდე ახანგრძლივებს, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა ძალაში 27 აპრილამდე იქნება. 

კომენტარები