კორონავირუსი საქართველოში

პრეზიდენტი: საგანგებოს გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება

"ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აუცილებელია" - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა. 

პარლამენტმა დღეს, 22 აპრილს, პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემულ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ბრძანება უნდა დაამტკიცოს. 

ზურაბიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილების გარშემო ყველა ერთიანი უნდა იყოს, როგორც ერთი თვის წინ, რათა, მისივე თქმით, საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის წარმატებულად მართვა. 

"დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის წინასწარ გაცნობის გარეშე სურს პარლამენტისგან მხარდაჭერის მიღება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ გეგმის აუცილებლობაში ყველა თანხმდება, თუმცა მისივე თქმით, "ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი".

"კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება, არავის, თუნდაც ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა გამოყოფილი ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისიული გეგმა,"- ამბობს ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტის თქმით, ამ დღეებში მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას ელოდება და აქვს მოლოდინი, რომ ის უპასუხებს "მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს". 

ზურაბიშვილის თქმით, 22 მაისამდე ის ძალაში ტოვებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე გამოცემულ დეკრეტებსაც. 

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე მოქმედებდა. ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, მთავრობის მოთხოვნით, მისი 22 მაისამდე გახანგრძლივების ბრძანება გამოსცა. 

ამ დრომდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალული იყო 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებდა ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. როგორც პრემიერმინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ შეზღუდვებზეა საუბარი, გარდა ავტომობილებით გადაადგილებისა. 

კომენტარები