სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

პირს, ვინც სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელმაც სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

"ბ.ქ.-მ პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატად, საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა ფონდი 'სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის' პირველ სართულს, რამაც გამოიწვია სხვისი ქონების დაზიანება და განადგურება. ბ.ქ.-ს ქმედების შედეგად ფონდს მიადგა ქონებრივი ზიანი", - წერია პროკურატურის განცხადებაში.   

მას ბრალდება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული განზრახ ძალადობრივი დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ასევე, დაარღვია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობები.

მოქალაქემ, ბაჩო ქათამაძემ, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი 19 აპრილს წაუკიდა. მას დანაშაულის ჩადენისას Facebook-ზე LIVE ჰქონდა ჩართული. 

ის ამბობდა, რომ "კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება", იმ "ბუდის" დემონტაჟს აკეთებს. ვიდეოს მიმდინარეობისას რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია. 

 

კომენტარები