საგანგებო მდგომარეობა

ბოკერია საგანგებოზე: რას უნდა დავუჭიროთ მხარი, იმას, რასაც ორი დღის მერე გვეტყვიან?!

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პრეზიდენტი და მთავრობის წარმომადგენელი დღეს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გადავადების მხარდაჭერას ყოველგვარი გეგმის წარმოდგენის გარეშე ითხოვდნენ.

"რის მხარდაჭერაზეა საუბარი, იმის, რასაც ორი დღის მერე გეტყვიან თქვენც? თუ საიდუმლოდ იცით, რას აპირებენ და ჩვენ არ გვეუბნებით? აქ ყველაფერზე იყო ლაპარაკი: სადღეგრძელოები, საკუთარი თავის ქება, ივანიშვილის პიროვნების კულტის განდიდება, ასლან აბაშიძეზე მეტად, ქალბატონმა კილაძემ გამოიჩინა თავი, ოპოზიციის და ოპონენტების ლანძღვა, გავიგე ეს ყველაფერი, ერთადერთ რამეზე არ იყო საუბარი - შემდეგი ერთი თვის განმავლობაში რა უნდა მოხდეს, ან რა აღარ უნდა მოხდეს, რატომ უნდა მოხდეს, ან რატომ არ უნდა მოხდეს", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე დაინტერესდა, თუ რა პასუხს სცემს მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც სამსახური და შემოსავალი დაკარგა და მანქანით გადაადგილებაც აღარ შეუძლია:

"რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელმაც სამსახური და ხელფასი დაკარგა, მოსანახულებელი მშობლები ჰყავს ქალაქის მეორე ბოლოში, ორ გზას აკეთებს, იმიტომ რომ ბავშვებს უკან ვერ სვამს, ცოლი დაუჯდა გვერდით და დააჯარიმეს 3 ათასი ლარით, მის გვერდზე რელიგიური ფანატიკოსი ჩვეულებრივად დადის აქეთ-იქეთ. ახლა საერთოდ მანქანაც აღარ ჰყავს, რამდენიმე კილომეტრშია პურის მაღაზია და აფთიაქი, რა ქნას ამ ადამიანმა, დანაზოგი უმთავრდება, იმედი ჰქონდა და ეს ჩვენი კამპანია იყო, რომ საპენსიო ფონდში რასაც რიცხავდა მთელი ეს თვეები, იმას დაუბრუნებდნენ, ამაზეც არ აქვს პასუხი, საკუთარ ფულს არ უბრუნებენ, არავინ სცემს პასუხს, რა კრიტერიუმით მოხდა ისე, რომ მისი კომპანია დაიხურა და სხვა კონკურენტები არა", - ამბობს ბოკერია.

დეპუტატი უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიცია ეკლესიის ლაძღვა-გინებით არის დაკავებული. ბოკერიას თქმით, უმრავლესობა შავრაზმული თემებით სპეკულირებს.

"რომელიმე პარტია რომ გაგიჟდეს და თქვას, რომ მისი ლიდერი არის მისი რელიგიური კერპი და პარლამენტის წინ უნდა შეიკრიბნონ, დალოცონ ეს კერპი და მერე ერთი სასმისით დალიონ ღვინო, უნდა დავაჯარიმოთ თუ არა? არ გაწუხებთ, რომ ამ თუ იმ მოტივით ეს ხალხი იკრიბება და საკუთარ თავს თუ სხვებს საფრთხეს უქმნის? იმის ნაცვლად, რომ ერთად გვქონდეს გზავნილი, რომ ხალხო ამას ნუ შვებით, აქ შავრაზმულ კამპანიას ეწევით. ვეკითხები პრეზიდენტს და თავმჯდომარეს, ნორმალურია თუნდაც რელიგიური საბაბით ფანატიკოსების მიერ მძევლად ყოფნა მთელი ქვეყნის? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდი, მანქანებით გადაადგილება იმიტომ აკრძალეთ, რომ მანდ პოლიტიკური ნება არ გეყოთ?!" - ამბობს ბოკერია.

ბოკერია მოუწოდებს პრეზიდენტს და მთავრობის წარმომადგენელს, გააცნონ პარლამენტს და საზოგადოებას, რას აპირებენ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში.

"დღეს მთავრობა ვართ და ჩვენ ვიცით, რასაც გავაკეთებთ და პასუხსაც არ გაგცემთ, ისე მიეცით ხმაო - ეს არის არასწორი ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის და არც თქვენ გამოგადგებათ ასეთ რეჟიმში მუშაობა, იმიტომ რომ მთავრობა ასეთი ოპონირების გარეშე მეტ შეცდომას უშვებს", - ამბობს ბოკერია.

პარლამენტში დღეს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას უნდა უყარონ კენჭი. ცნობილია, რომ ოპოზიცია კონკრეტული ეკონომიკური გეგმის გარეშე გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს. მთავრობას გეგმა არ წარმოუდგენია, ისინი ამბობენ, რომ გეგმას ორ დღეში  გააცნობენ საზოგადოებას. 

კომენტარები