კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბოლო 24 საათში PCR ტესტი 695 პირს ჩაუტარდა, ხვალიდან კიდევ 5 ლაბორატორიას ვამატებთ

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის PCR ტესტირების რაოდენობა იზრდება. მან FB LIVE-ში ჩართვისას თქვა, რომ ე.წ ოქროს სტანდარტით ბოლო 24 საათში 695 ადამიანი დატესტეს. ეს ერთ დღეში ჩატარებული ტესტების რაოდენობით რეკორდული მაჩვენებელია. მან აღნიშნა, რომ 23 აპრილიდან, PCR ტესტირებას კიდევ ხუთი, ჯამში ათი ლაბორატორია ჩაატარებს და ხელმისაწვდომობა უფრო გაიზრდება.

"დღეს დილით გვქონდა პიკი ლაბორატორიული კვლევების, 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა, 5 ლაბორატორიაში და აქედან 92% მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე - ლუგარის, ბათუმის და ქუთაისის. ხვალიდან ემატება კიდევ ხუთი ლაბორატორია, სამი თბილისში, ერთი ქუთაისში, ერთი ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება PCR ტექნოლოგიებით ტესტირება მოსახლეობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიტყვით იმ ჯგუფებისთვის, სადაც ეს აუცილებელია" - ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. 21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიით 8 375 ადამიანი გამოიკვლიეს. ამის გარდა, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ სწრაფი ტესტებით "2-3-4 000" ადამიანი შეამოწმეს.

კომენტარები