Covid-19-ის შემთხვევათა ზრდის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქი ხარბინი ჩაკეტა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ხარბინთან მიმოსვლა სრულად აკრძალა. ამის მიზეზი ქალაქში ახალი კორონავირუსის მომრავლებული შემთხვევებია. 

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო პერიოდში დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დაეცა. იყო რამდენიმე დღე, როდესაც ხელისუფლებას Covid-19-ის არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოუვლენია. 

ბოლო კვირებში დადასტურებული ახალი შემთხვევები ძირითადად ხეილუნძიანის პროვინციაზე მოდის, რომლის დედაქალაქიც ხარბინია. შემთხვევათა უმრავლესობა რუსეთიდან ჩინეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს უკავშირდება.

ქალაქის ჩაკეტვამდე პროვინციაში უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებისთვის 28-დღიანი სავალდებულო კარანტინი დაწესდა. ბოლო 24 საათში ქალაქში ახალი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამურად 52 შეადგინა. 

განსაკუთრებული მეთვალყურეობისა და გამკაცრებული კარანტინის ქვეშ რჩება საცხოვრებელი სახლები, რომელთა ბინადრებსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩინეთში დაავადების სულ 83,868 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4,636 პაციენტი.

კომენტარები