კორონავირუსი და ეკონომიკა

აკრძალვიდან 22 დღის შემდეგ სამინისტრო ონლაინ-ვაჭრობისთვის კომპანიების შემოწმებას იწყებს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, უწყება იმ კომპანიების შემოწმებას იწყებს, რომლებმაც მათ რამდენიმე კვირის წინ მიმართეს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გაგრძელებისა და მომხმარებლისთვის პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის მიწოდების უფლების მითხოვნით. 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 260-მდე ობიექტს უახლოეს ერთ კვირაში შეამოწმებენ. კომპანიებს შორის არიან წიგნებით, სათამაშოებით, ელექტროტექნიკით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, პარფიუმერიითა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციით მოვაჭრე კომპანიები. 

სამინისტროს განცხადებით, შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი გაიდლაინის მიხედვით მოთხოვნილი რეკომენდაციები. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ათობით კომპანია შემოწმდნება, რომლებიც ონლაინ-ვაჭრობას ეწევიან ან აქვთ სურვილი, გადაეწყონ და სავაჭრო საქმიანობა ონლაინ გააგრძელონ. 

"როგორც კი დაიწყება საგანგებო შეზღუდვების შერბილება, ონლაინ-ვაჭრობა იქნება ერთერთი პრიორიტეტი და პირველი დარგი, ვინც საქმიანობის განახლებას შეძლებს. შესაბამისად, გვინდა, რომ კომპანიები მომზადებული შეხვდნენ ფუნქციონირების დაწყების უფლებას", - თქვა თურნავამ. 

1 აპრილს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების შესახებ მიღებული დადგენილებით, საქართველოში საკვების გარდა ყველა სახის ონლაინ-ვაჭრობა აკრძალა. მეორე დღეს, 2 აპრილს, მოქალაქეების კრიტიკის შემდეგ, მთავრობამ დადგენილება განაახლა და ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით და კომპიუტერებით დისტანციურად ვაჭრობა დაუშვა, თუმცა შეზღუდვა ძალაში დარჩა ყველა სხვა სახის ვაჭრობისთვის. 

3 აპრილს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ კომპანიებს საქმიანობის ონლაინ-რეჟიმში გასაგრძელებლად მთავრობისგან სპეციალური ნებართვა უნდა მოეთხოვათ, თუმცა ამ მოთხოვნაზე რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. 

22 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას ისე დაუჭირა მხარი, რომ მათთვის მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ წარუდგენია. გეგმის წარდგენა 24 აპრილისთვის იგეგმება. 

კომენტარები