წერილი საერთაშორისო პარტნიორებს

ვოლსკი ოპოზიციის ღია წერილზე: მათი ინტერესი არჩევნების ჩატარება არ არის

ტაბულა

"მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი, 27 ოპოზიციური პარტიის ღია წერილს. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ "წამოწიეს წინ" ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტპატიმრების თემა.

"ეგონათ, რომ კომპრომისს არ დავუშვებდით, დავუშვით კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. პერპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ, არ არსებობს, აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილშია ჩამოყალიბებული. სამწუხაროა, რომ ნაცმოძრაობის კლასტერს შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ დავიწყებული" - ამბობს ვოლსკი.

ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს წერილით დღეს მიმართეს. ღია წერილში ოპოზიცია პარტნიორებს სთხოვს, შეახსენონ მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა.

"სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია. 14 აპრილს შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები, სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს", - წერია ოპოზიციის ღია წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს.

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები - გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი- არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს", - წერს ოპოზიცია.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც.

კომენტარები