კორონავირუსი

აშშ ჩინეთს: სამუდამოდ დახურეთ თქვენი გარეული ცხოველების ბაზრები

მაიკ პომპეო
The Hill

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს მოუწოდა, რომ გარეული ცხოველების სველი ბაზრები სამუდამოდ დახუროს. როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსი თავდაპირველად სწორედ ჩინეთის მსგავსი ბაზრიდან გავრცელდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ სველ ბაზრებზე გაყიდულ არალეგალურ, გარეულ ცხოველებსა და ზოონოზურ დაავადებებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, შეერთებული შტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მოუწოდებს, რომ სამუდამოდ დახუროს ველური ცხოველების სველი ბაზრები და ყველა ის ბაზარი, რომელიც ყიდის არალეგალურ ველურ ცხოველებს," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 23 აპრილს.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში უკვე 185 451 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლენილია ვირუსით დაავადების 2 658 794 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 730 337 პირი.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვასა და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს.

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. ასევე, არსებობს მოსაზრებები ვირუსის სავარაუდოდ ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აღსანიშნავია, რომ სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსი, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) 2002 წელს სწორედ ჩინეთიდან გავრცელდა. ეს კორონავირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ციბეტინისგან გადაედო, რომელიც ვირუსით ღამურისგან დაავადდა. SARS-ით 2002-2003 წლებში 8000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, აქედან 800-მდე პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ერთი მწვავე კორონავირუსი, შუა აზიის რესპირატორული სინდრომი (MERS), რომელიც პირველად საუდის არაბეთში დამტკიცდა, ადამიანს, სავარაუდოდ, აქლემისგან გადაედო, რომელიც ასევე სავარაუდოდ ღამურისგან იყო დაავადებული. ამ კორონავირუსით დაავადებულთა 35% - 866 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები