აეროპორტების გაერთიანება: შესაძლოა, მგზავრთა მომსახურების პროცედურებში ცვლილებები შევიდეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შესაძლოა, მგზავრთა მომსახურების პროცედურებში ცვლილებები შევიდეს.

ცვლილებები სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის თქმით, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, თუმცა, შესაძლოა აეროპორტში თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც მოხდეს. ასევე, გაჩნდება კონტროლის რიგი მექანიზმები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვას უზრუნველყოფს.

"აეროპორტში ბევრი სერვისია და აეროპორტში მისვლის შემდეგ მგზავრი გადის ბევრ პროცედურას და შემოწმებას. ესენია: რეგისტრაცია, საავიაციო უშიშროების შემოწმების პროცედურები, გადის საზღვარზე საპასრპორტო კონტროლს და ხვდება გამგზავრების დარბაზში.

სავარაუდოდ, თითოეულ პროცედურაზე იქნება შეცვლილი რიგის კონტროლის მექანიზმები, რათა აეროპორტში მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, ამ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მხოლოდ ჩამომფრენ მგზავრებს. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ იგივე პროცედურა გაიაროს გამფრენმა მგზავრმაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რეკომენდაციები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან", - თქვა მან.

არჩუაძისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები შეჩერებულია, ქუთაისის აეროპორტში მუშაობა არ შეჩერებულია და ის მგზავრების მისაღებად ფრენების დაშვებისთანავე იქნება მზად.

რაც შეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტებში ფრენები არ ხორციელდება. მაგრამ აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამშრომელთა ნაწილი ადგილზე სამუშაო რეჟიმში რჩება, ვინაიდან ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა მოვლა-შენახვით სამუშაოებს საჭიროებს.

კომენტარები