ეკონომიკა

ბოლო 5 კვირაში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 26.5 მილიონით გაიზარდა

11-დან 18 აპრილამდე პერიოდში აშშ-ში უმუშევრობის კომპენსაციაზე განაცხადი კიდევ 4,4 მილიონმა მოქალაქემ შეავსო. ამგვარად, ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა ჯამურად 26 მილიონით გაიზარდა. 

ეს აშშ-ის შრომისუნარიანი მოსახლეობის 16%-ს შეადგენს. ბოლო თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად აშშ-ში უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაქრა, ვიდრე ბოლო 10 წელში შეიქმნა. შედარებისთვის 2010 წლის სექტემბრიდან დღემდე აშშ-ში 22,5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

მიუხედავად ამისა, გასულ კვირაში განაცხადების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. წინა პერიოდში განაცხადების რაოდენობა ყოველკვირეულად საშუალოდ 6,7 მილიონით იზრდებოდა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის მეოთხედი ვეღარ ფუნქციონირებს. ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ Wall Street Journal-ისთვის მომზადებულ დასკვნაშია საუბარი. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური ზარალის ზუსტად გამოთვლა ჯერჯერობით შეუძლებელია და რომ ამ მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობა აშშ-ში არასდროს შეჩერებულა. 

კვლევის მიხედვით, აშშ-ის 41 შტატში ეკონომიკურ საქმიანობაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა. შედეგად, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ჯამური გამოშვება მარტის პირველ კვირასთან შედარებით 29%-ით შემცირდა. 

Moody's-ის უფროსი ანალიტიკოსის, მარკ ზანდის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკას ამგვარი ზარალის აღმოსაფხვრელად საკმარისი რესურსი არ გააჩნია და თუ ასე გაგრძელდა, წლის მეორე კვარტალში აშშ-ის მშპ დაახლოებით 75%-ით შემცირდება. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური საქმიანობა ზაფხულამდე აღდგება, ნავარაუდევი კლება 30% იქნება. 

შედარებისთვის, დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისის დროს, 1929-1933 წლებში, ჯამური გამოშვება 26%-ით შემცირდა. იგივე მაჩვენებელი 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს 4% იყო. 

"ეს ბუნებრივი კატასტროფაა, შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას არანაირი ანალოგი არ აქვს, მათ შორის არც დიდი დეპრესიის დროს",— ამბობს მარკ ზანდი. 

ამასთანავე, ეს არ არის სრული სურათი, რადგან კვლევა არ მოიცავს მოთხოვნის შემცირებას, რომელიც უმუშევრობის ზრდას მოყვება. მარკ ზანდი შექმნილ მდგომარეობას მასშტაბურ მიწისძვრას და 11 სექტემბრის ტერაქტს ადარებს. ტერაქტის შემდეგ ავიაკომპანიებმა ფრენები რამდენიმე კვირით შეაჩერეს. მაშინ ზარალმა 111 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ამჟამად ზარალი უკვე 350 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

"ეს იმის ტოლფასია, რომ ინდიანას შტატი ერთ წლით გაქრეს", — ამბობს ზანდი.

კვლევის მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკის დიდი ნაწილი ურბანულ ცენტრებსა და განსაკუთრებით დიდ მეგაპოლისებზეა მიბმული და მასშტაბური ეკონომიკური ზარალის მიზეზიც სწორედ ესაა. 

მაგალითად ლოს-ანჯელესის აგლომერაციაში დღიური გამოშვება 35%-ით დავარდა, ნიუ-იორკში 25%-ით, ჩიკაგოში კი 30%-ით. მხოლოდ ამ სამ ქალაქში შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობის გამო აშშ-ის ყოველდღიური მშპ 10%-ით მცირდება. 

თეთრმა სახლმა უკვე მიიღო ეკონომიკის სტიმულირების 2-ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად, ამერიკელებისთვის 1,200 დოლარის ოდენობით პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემას გულისხმობს.

კომენტარები