უმუშევრობის დონე

გახარია: უახლოეს თვეებში 350 ათასი სამუშაო ადგილი გაქრება

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უმუშევრობის დონის შესაძლო ზრდაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი გაქრება.

"ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, პროგნოზების დონეზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 350 ათასი ფორმალური, ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ, მინინიმუმ. ამაზე გათვლით შევადგინეთ სოციალური დახმარების პაკეტი. ამის გარდა იქნება სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალურ დასაქმებაში", — განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2019 წლის საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 11,6%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 221 ათასია. ამგვარად, თუ პრემიერის პროგნოზი გამართლდება უახლოეს თვეებში საქართველოში ოფიციალურად უმუშევართა რაოდენობა 570 ათასს აცდება. 

დღეს მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების 3,5 მილიარდიანი ანტი-კრიზისული პაკეტი წარმოადგინა. დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ.

ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომენტარები