სააკაშვილი უკრაინაში

გახარია სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერობაზე: შესაბამისი რეაქცია მოჰყვება

ტაბულა

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის ცნობით, მან უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

"რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება", - ამბობს გახარია.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, პრემიერმინისტრი უარყოფს. თუმცა, მისი თქმით, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

"უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა.

თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც, ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა", - ამბობს გახარია.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, მიიღოს შემოთავაზება.

კომენტარები